POLITICO: ევროკომისია ახლო აღმოსავლეთში ევროკავშირის დიპლომატიაში წამყვან როლს იკავებს - ისრაელთან კაია კალასის საკომუნიკაციო არხი კვლავ დახურულია
ევროკომისია ახლო აღმოსავლეთში ევროკავშირის დიპლომატიაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს, მაშინ როდესაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა კვლავ არ აქვს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე კვირის დიპლომატიური დღის წესრიგი ამ ვითარებას ნათლად ასახავს: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარი დუბრავკა შუიცა სირიასა და იორდანიას ეწვევიან, კალასი კი ბრიუსელში ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოების ფორუმს მასპინძლობს.
ეს დაპირისპირება უფრო ფართო კითხვას აჩენს იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს ევროკავშირს საერთაშორისო ასპარეზზე. მსგავსი პრობლემა უკრაინის საკითხზეც გამოიკვეთა, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა კალასი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე ევროპის წარმომადგენელთა გუნდს მიღმა დატოვეს, წერს გამოცემა.
„როდესაც ისრაელს უმაღლესი წარმომადგენლისთვის საკომუნიკაციო არხის დახურვის საშუალებას აძლევს და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად თანამშრომლობას არ უზრუნველყოფს, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ხელს უწყობს ევროკავშირის, როგორც სანდო გლობალური მოთამაშის, პოზიციების შესუსტებას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ლიბერალმა ბარი ენდრიუსმა, რომელიც ევროპარლამენტის განვითარების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ამასთან, ისრაელსა და აშშ-თან კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ არხად დუბრავკა შუიცა ჩამოყალიბდა. ის თებერვალში ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრას დაესწრო. მიმდინარე წელს შუიცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს სულ მცირე ოთხჯერ შეხვდა ან ესაუბრა.
„ისრაელის გარეშე ვერაფერს გააკეთებ“, - განუცხადა შუიცამ მანამდე POLITICO-ს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მცდელობებზე საუბრისას. მისი თქმით, დახმარების მიწოდებისთვის ისრაელის ხელისუფლების თანხმობაა საჭირო, ამიტომ კომუნიკაციის არხების შენარჩუნება აუცილებელია. შუიცას განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში მისი ვიზიტები და საქმიანობა კალასთან ერთად, საერთო ფორმატში იგეგმება.
კალასსა და საარს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ივნისში, საჯარო დაპირისპირების შემდეგ შეწყდა. ესკალაციას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ კალასმა ისრაელის დამოკიდებულება პალესტინელების მიმართ აპარტეიდის პერიოდის სამხრეთ აფრიკის პოლიტიკას შეადარა. საარმა განაცხადა, რომ კალასთან „ყველანაირ კონტაქტს შეწყვეტდა“, ვიდრე ისრაელის წინააღმდეგ, მისი შეფასებით, „სისხლის ცილისწამებად“ წოდებულ განცხადებას არ უარყოფდა.
კალასს აპარტეიდთან დაკავშირებულ სავარაუდო შედარებაზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა გარემოცვამ კი უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, გამოიყენა თუ არა მან ეს ანალოგია.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მიხალ მაიანმა POLITICO-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ძალაში რჩება. მისი თქმით, კონტაქტის შეწყვეტა მხოლოდ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ეხება და არა მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუტებს. მაიანის განმარტებით, ისრაელი ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას აგრძელებს, ხოლო საარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და სხვა ევროპელ ოფიციალურ პირებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
დაპირისპირებამდე საარი და კალასი ხშირად ურთიერთობდნენ, რადგან ევროკავშირი ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებისკენ მოუწოდებდა. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ისინი ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე WhatsApp-ის მეშვეობით კონტაქტობდნენ. კალასის გარემოცვა კი მიუთითებს ჰუმანიტარულ შეთანხმებაზე, რომლის მიღწევაშიც, მათი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და რომელმაც დახმარების მიწოდებას შეუწყო ხელი.
ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატის შეფასებით, კომუნიკაციის გაწყვეტა ბლოკის დიპლომატიას პრობლემებს უქმნის. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ღაზასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ისრაელთან საუბრის გარეშე შეუძლებელია.



