27-29 ნოემბერს, ბათუმში IV გასტრონომიული ფორუმი გაიმართება

27-29 ნოემბერს, ბათუმში IV გასტრონომიული ფორუმი გაიმართება

27-29 ნოემბერს, ბათუმი მეოთხე გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ უმასპინძლებს. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა: „ტურისტული მიმართულების „გემო“: გასტრონომია, როგორც ტურიზმის განვითარების, რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და ტურისტული ბრენდის ფორმირების მამოძრავებელი ძალა“. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ფორუმის ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები, გასტრო კონსულტანტები, გასტრო ჟურნალისტები და ინფლუენსერები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, არგენტინიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან ეწვევიან. ფორუმის სამივე დღე კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა, რომლებზეც მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივ მზარეულებს ცოდნას ხორცის დამუშავებისა და ხორცპროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების, ხორცეულის კულინარიული ინტერპრეტაციებისა და კულინარიაში მეცნიერული ცოდნის გამოყენების მიმართულებით გაუზიარებენ.

28 ნოემბერს, „გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კულინარიულ მასტერკლასებთან ერთად დაგეგმილია პრეზენტაციები, პანელური სესიები და დისკუსიები უცხოელი და ქართველი შეფმზარეულების, გასტრო კონსულტანტებისა და რესტორატორების ჩართულობით. წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა საერთაშორისო გასტრონომიული კონსულტანტი, ბრიტანელი შეფი დანიელ გალმიში, გასტრონომიული მკვლევარი, ესპანელი შეფი ნაუელ პასოსი, ასევე საფრანგეთის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ-ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, პროფესიონალი ყასაბი, საფრანგეთის საუკეთესო ოსტატი (MOP) რომენ ლებოფი, ფრანგი გასტროფიზიკოსი კრისტოფ ლაველი და გასტრონომიისა და ღვინის ექსპერტი ესპანეთიდან პას ივისონი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან შეფ-რესტორატორი გიორგი ნინუა, საერთაშორისო გასტროექსპერტი ნინო კილტავა, რესტორატორი ეკატერინე რუხაძე, ღვინის ექსპერტი ანა გოდაბრელიძე, კულინარიული შოუს წამყვანები, რესტორატორი ქეთი სალაყაია და შეფი თემო კარდელახიშვილი. გასტრო ფორუმს ასევე დაესწრებიან ესპანელი, იტალიელი და ბერძენი ჟურნალისტები და ინფლუენსერები, რომლებიც ფორუმის შესახებ სტატიებს საერთაშორისო კულინარიულ გამომცემლობებში გამოაქვეყნებენ. ფორუმის ბოლოს, უცხოელი და ადგილობრივი შეფების მონაწილეობით დაგეგმილია აჭარული გასტრონომიის საპრეზენტაციო ვახშამი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით მეოთხედ ატარებს. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

მასტერკლასებში მონაწილეობის მსურველებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ .