ლევან მახაშვილი – როდესაც საქართველოზე რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებების გავრცელების საშუალებად იქცევა, ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთო-ს მიუკერძოებელ აქტორად მიიჩნევენ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის ორგანზიაციის ავტორიტეტის საფუძველია. საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით, – ამის შესახებ ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუდგენია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ეუთო/ოდირის დასკვნის გაყალბებას აპირებს.
„მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არაფერი დაუდგენია გარდა ბრალდებებზე მითითებისა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ამ ბრალდებების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენას აპირებს. საქართველოში სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ, როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე „მშვიდობიანმა“ დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი. ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად, აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს. პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს. როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ. ქვეყნები სულ უფრო მეტად აღიქვამენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არა საერთო პრინციპების დამცველად, არამედ შერჩევითი პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებლად. შედეგად ვიღებთ ნაკლებ მონაწილეობას, შესუსტებულ თანამშრომლობას და ასამბლეის თანდათან მარგინალიზებას. ამით ჩვენ ვასუსტებთ იმ ორგანიზაციის ლეგიტიმურობას, რომლის დაცვაც ჩვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები“, – განაცხადა მახაშვილმა.