ვიკა ფილფანი – მოქალაქეებმა კარგად ნახეს, რეალურად რა მოხდა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წევრები იცავდნენ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას, ვერცერთი მათგანი ვერ ასცდება სასჯელს

ვიკა ფილფანი – მოქალაქეებმა კარგად ნახეს, რეალურად რა მოხდა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წევრები იცავდნენ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას, ვერცერთი მათგანი ვერ ასცდება სასჯელს

„ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალები, ქუჩის კრიმინალები არიან, თუ უნდათ, საქართველოს მოსახლეობას შეასაღონ, რომ 30 კაცი ერთ ადამიანს როცა ურტყამს, ეს თავდასხმა არ არის, მაშინ ძალიან ცუდად, კიდევ უფრო მძიმედ ჰქონიათ საქმე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებმა, კადრებიდან ძალიან კარგად ნახეს, რეალურად რა მოხდა საქართველოს პარლამენტში.

„მათ შორის, მოისმინეს კითხვებიც, რომელიც ჩვენი გუნდის მხრიდან იყო დასმული ე.წ. პრემიერ-მინისტრის მიმართ. თავად ნახეს ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვიცავდით ქართველი ხალხის ინტერესებს, ხოლო ეს კრიმინალები იცავდნენ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, ვერცერთი მათგანი ვერ ასცდება იმ სასჯელს, რომელიც მათ ელოდებათ, რამდენიც არ უნდა დაიცვას მამუკა მდინარაძემ ეს თავისი კრიმინალური ბანდა, რომელიც შეყრილი ჰყავთ საქართველოს პარლამენტში. სამწუხაროდ, საქართველოს ნამდვილად არ დაუმსახურებია ასეთი ლაჩარი პარლამენტარები და ასეთი არაკომპეტენტური, კრიმინალი პარლამენტარები. მოვა დრო და ვერ გაასწრებენ ერთმანეთს, ისე ირბენენ პროკურატურაში. მდინარაძისგან რომ არავის გაუკვირდება, რომ ამათ ციხეში გასაშვებად გაიმეტებს, ეს ყველამ კარგად იცის. არც ისინი დაინდობენ მდინარაძეს, ისე დაუწერენ საჩივრებს, რომ დავალების გამცემი იყო მდინარაძე, რადგან უქნიათ აქამდე ასე, ერთ მხარესაც და მეორესაც, ამ სცენარსაც ძალიან მალე ვიხილავთ“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს პარლამენტში მანდატით სარგებლობენ ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება და ერთი ადამიანის ძალაუფლება.

„ვერ დაასახელებენ ვერცერთ სიტყვას, ვერცერთ კითხვას, რომელიც არ ემსახურებოდა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას, დაასახელონ ერთი კომენტარი, ერთი კითხვა მაინც, რომელიც არ ემსახურებოდა ქართული ინტერესებს. მაგრამ თავად არიან ყველანაირად აცდენილი როგორც ქართული ინტერესებს, ასევე პატრიოტიზმს, ქრისტიანობას და ეროვნულობას, ამ ხალხმა რა ეროვნულობა უნდა დაიცვას, ან რომელი ქართველობა უნდა დაიცვას, ნატამალი ქართველობის არ არის მათში. ახლა კი ცდილობენ თავის მართლებას, თითქოს თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე, როდესაც საუბარია, რომ დევნილების შემწეობა 45 ლარი არ უნდა იყოს და უნდა გაიზარდოს, ეს თურმე მათთვის შეურაცხმყოფელი ყოფილა, იმიტომ რომ მაშინ მათ მოუწევთ, მოიკლონ საკუთარი კომფორტი, მანქანები, პრემიები, პრივილეგიები. 45 ლარით რომ გაიზარდოს დევნილებისთვის ან მოხუცების პენსია. ეს რომ ვთხოვეთ, შევახსენეთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტში არის ამის შესაძლებლობა, თუ თავად მოიკლებენ პრივილეგიებს, ეს იყო ალბათ მათთვის შეურაცხმყოფელი, რადგან თავად უწევთ ამ დისკომფორტის ატანა. მაშინ ვეტყვით, რომ დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის ამ დისკომფორტის შექმნას და დავიცავთ ბოლომდე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, ხოლო თქვენ, ძალიან მალე, როგორც საქართველოს ისტორია, ასევე მართლმსაჯულება გამოგიწერთ იმ შედეგებს, რაც დაიმსახურეთ“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.