რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვით, განსაკუთრებით კი თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით.

ამის შესახებ ერდოღანმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა ანკარის ჩართვა ევროპისთვის განკუთვნილ ზოგიერთ თავდაცვით ინიციატივაში, ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის თავდაცვით ინიციატივებში მონაწილეობის შეზღუდვამ შესაძლოა, ალიანსში განხეთქილება გამოიწვიოს.

„მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით არსებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. საღ აზრსა და გონივრულობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მოდელი სრულიად შესაძლებელია. ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების გამორიცხვა ევროპაში ხელოვნურ განხეთქილებას გამოიწვევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთს ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს და ბოლო წლებში იარაღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მწარმოებლად და ექსპორტიორად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ანკარა არაერთხელ გამოთქვამდა სურვილს, ჩართულიყო ევროკავშირის უსაფრთხოების ინიციატივებში, მათ შორის SAFE-ის პროგრამაში, რომელიც წევრ ქვეყნებს გადაიარაღებისთვის სესხების გამოყოფას ითვალისწინებს, პოლიტიკური უთანხმოებების გამო თურქეთი ამ დრომდე ამ პროცესების მიღმა რჩება.