სახალხო დამცველმა ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებთან შეხვედრები გამართა
6-7 ივლისს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეხვედრები გამართა ევროპული კომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატის (DG ENEST), ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროპელ პარტნიორებს გააცნო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და სახალხო დამცველის აპარატის შეფასებები. განიხილეს სახალხო დამცველის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა.
სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აპარატის მზადყოფნა, გააგრძელოს დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტიანი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის მიმართულებით.
