კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მიუხედავად, „უკრაინის მეამბოხეების არმიასთან“ დაკავშირებული საკითხები გადაუჭრელი რჩება

კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მიუხედავად, „უკრაინის მეამბოხეების არმიასთან“ დაკავშირებული საკითხები გადაუჭრელი რჩება

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ანკარაში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისტორიული დავები, კერძოდ, ვოლინის ტრაგედია და „უკრაინის მეამბოხეების არმიასთან“ დაკავშირებული საკითხები, გადაუჭრელი დარჩა.

ნავროცკის განცხადებით, პოლონელების ემოციები ვოლინის ტრაგედიასთან დაკავშირებით არის საკითხი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, ამ საკითხზე თანხმობის არარსებობა „კონკრეტულ პრობლემას“ წარმოადგენს.

„ჩემთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიასთან“ დაკავშირებული საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ჩვენ ისტორიული საკითხების გადაჭრა ვერ შევძელით, თუმცა არც გვქონია იმედი, რომ ყველა საკითხის მოგვარებას შევძლებდით“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთი წარმოადგენს გრძელვადიან საფრთხეს პოლონეთისთვის, ისევე როგორც ნატო-სთვის.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი მას შემდეგ ჩამოართვა, რაც ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების“ სახელი უწოდა. „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.