ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, პროექტ „გაეროს მოდელირების“ რეგიონული ეტაპი წარმატებით ჩატარდა
პროექტის ფარგლებში მოდელირებები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ ცენტრებში - თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავსა და ახალციხეში გაიმართა. მასში 14-18 წლის ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა და საკომიტეტო მუშაობასა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს.
„გაეროს მოდელირება“ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იმსჯელონ გლობალურ გამოწვევებზე და განივითარონ ლიდერობის, მოლაპარაკების, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარები.
რეგიონული ტურების ფარგლებში მომზადებული რეზოლუციის პროექტების საფუძველზე, ახალგაზრდებმა გენერალური ასამბლეის წევრების მხარდაჭერის მოპოვება და საკუთარი პოზიციების ეფექტიანად წარმოჩენა შეძლეს.
ქვეყნის 11 რეგიონულ ცენტრში ჩატარებული მოდელირებების შედეგად, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, 88 საუკეთესო მონაწილე შეირჩა, რომლებიც ფინალურ მოდელირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება 8 გამარჯვებული, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.