„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი პრემიერთან შეხვედრაზე: როგორც პრემიერისთვის, ასევე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. სწორედ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალობაში იქცევა ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს
პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ასევე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. სწორედ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ბატონ პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალობაში იქცევა ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, რომელიც რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ახალგაზრდებთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა.
„აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც ახალგაზრდების მხრიდან დასახელდა. ეს გახლავთ მიგრაცია რეგიონებიდან. ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საიმისოდ, რომ დარჩნენ რეგიონებში, აქ ჰქონდეთ ძალიან ბევრი რესურსი და ისევ რეგიონების განვითარებას მოახმარონ მათი ახალგაზრდული ენერგია. მეორე გამოწვევად გამოიყო ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, რადგანაც მეტი ახალგაზრდული სივრცე კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეკრებს ერთად და უფრო მეტ კარგ პროექტს დააგეგმვინებს ერთობლივად“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
პრემიერ - მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ.