ბუნდესტაგმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებდა

ბუნდესტაგმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებდა

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ „გაერთიანება 90/მწვანეების“ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ბუნდესტაგის პრესსამსახური ავრცელებს.

8 ივლისს ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა პარტია „გაერთიანება 90/მწვანეების“ ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებდა.

როგორც ბუნდესტაგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 510 იყო, ხოლო ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.

ინიციატივის ავტორები რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებზე მიუთითებდნენ და გერმანიის მთავრობას, უკრაინის რეალური საჭიროებების შესაბამისად, ფინანსური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის გაფართოებისკენ მოუწოდებდნენ.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მოდერნიზაციასა და დეცენტრალიზაციას, საავადმყოფოებისა და მოსახლეობის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ქსელის აღდგენას.

„მწვანეები“ ასევე მოითხოვდნენ უკრაინაში დრონებისა და შორი მოქმედების შესაძლებლობების წარმოების გაძლიერების მხარდაჭერას და გერმანიაში Patriot PAC-2-ის რაკეტების დამატებითი წარმოების დაკვეთას.

გარდა ამისა, ინიციატივა ითვალისწინებდა უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ამ ქვეყნის არმიამ რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო სამიზნეები, მათ შორის, სამეთაურო პუნქტები, სარაკეტო გამშვები დანადგარები, სამხედრო აეროდრომები, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობები, ასევე სამხედრო წარმოების ობიექტები უფრო ეფექტიანად გაანადგუროს.