გრიგოლ გეგელია - უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, როცა საქართველო უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშეა
ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ როდესაც საქართველო რეალურად არის უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშე - ეს არის ყველაზე კარგი დასტური იმ რუსული საგარეო პოლიტიკური ამოცანის, რასაც ასრულებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როდესაც რეალურად სულ უფრო მეტად ფლავს საქართველოს იზოლაციაში, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მკაფიო კონტრასტი საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოვდებიან მაშინ, როდესაც საქართველოს ისტორიული მონაპოვარი საფრთხის წინაშეა.
„ეს აჩვენებს მკაფიო კონტრასტს ერთი მხრივ იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც სწორი პოლიტიკით უკვე გაწევრიანებაზე დაიწყეს დიალოგი და მეორე მხრივ მაჩანჩალა „ქოცურ“ სახელმწიფოს შორის, რომელმაც შეიძლება ისიც დაკარგოს, რაც ათწლეულების განმავლობაში ძალიან მძიმე შრომის შედეგად მოიპოვა ქართულმა საჯარო და დიპლომატიურმა სამსახურმა. ეს არის ყველაზე კარგი დასტური იმ რუსული საგარეო პოლიტიკური ამოცანის, რასაც ასრულებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როდესაც რეალურად სულ უფრო მეტად ფლავს საქართველოს იზოლაციაში და სულ უფრო მეტს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ წავიდეს წინ მეტი ევროპისკენ, მეტი კეთილდღეობისა და მეტი უსაფრთხოებისკენ“,- განაცხადა გეგელიამ.