ლევან სანიკიძე კაია კალასის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ოპოზიციიდან პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძე გამოეხმაურა. პოლიტიკოსის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის ხაზგასმა მისასალმებელია, თუმცა ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს მთავარ საფრთხეს მოქმედი ხელისუფლება უქმნის.
"მისასალმებელია ის საკითხი, რომ კიდევ ერთხელ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს კონტექსტი ევროპული და, ზოგადად, დასავლური სახელმწიფოების დღის წესრიგში ისევ დგას და მუდმივად იდგება, თუმცა ამის მთავარი ხელისშემშლელი არის "ქართული ოცნება" და "ქართული ოცნების" ხელისუფლება," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება კალასის განცხადებას: "ახლა ჩვენ ასევე გვაქვს სირთულეები, პრობლემები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ რეალურად არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა საქართველოს ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი".