დონალდ ტრამპი: ჩვენ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დავამყარეთ. მათ აღარაფერი აქვთ, საერთოდ არაფერი

დონალდ ტრამპი: ჩვენ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დავამყარეთ. მათ აღარაფერი აქვთ, საერთოდ არაფერი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიმართ გატარებულ პოლიტიკასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ამერიკამ ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლის დამყარება შეძლო, რაც, მისი თქმით, ირანის პოზიციების მკვეთრ დასუსტებას ნიშნავს.

პრეზიდენტი მკაცრად აკრიტიკებს წინამორბედი ადმინისტრაციების, განსაკუთრებით ბარაკ ობამას მიდგომებს, რომლებსაც ირანის გაძლიერების მთავარ მიზეზად მიიჩნევს. ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვული შეთანხმების გაუქმება და გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია იყო ის გარდამტეხი მომენტები, რომლებმაც თავიდან აარიდა მსოფლიოს ბირთვული საფრთხე და შეცვალა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი. 

"ჩვენ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დავამყარეთ. მათ აღარაფერი აქვთ, საერთოდ არაფერი.

ერთ რამეს გეტყვით, რაც ბევრმა არ იცის: გუშინ მათ 11-საათიანი შეხვედრა ჰქონდათ. ამ ხალხთან ყველაფერი 11 საათს გრძელდება. ერთი წინადადების შეთანხმებას ერთი წუთიც არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ მათთან ყველაფერი უსასრულოდ იწელება.

გუშინაც თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, დარბაზიდან გავიდნენ, შემდეგ კი დაგვირეკეს და თქვეს: "რამდენიმე ცვლილების შეტანა გვინდა." მე ვუპასუხე: "ცვლილებები? ჩვენ არაფერს შევცვლით."

მათ ყოველთვის ცვლილებები სურთ. ისინი პროფესიონალი მომლაპარაკებლები არიან. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ამაში განსაკუთრებულად კარგები არიან, რადგან ჩემგან ვერაფერი მიიღეს.

თუ ბოლო 47 წელს გადავხედავთ, ისინი ყველა პრეზიდენტს ატყუებდნენ და დროს აჭიანურებდნენ. ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ამის გამო ირანი სულ უფრო ძლიერდებოდა. ეს პრობლემა 47 წლის წინ უნდა მოგვარებულიყო.

ბილ კლინტონმა მათ ამის საშუალება მისცა, ჯორჯ ბუშმაც, ყველამ. ყველაზე უარესი კი ბარაკ ობამა იყო, რადგან ის ფაქტობრივად ირანის მხარეს გადავიდა. ობამა... დანარჩენს სხვა დროისთვის დავტოვებ. ის საშინელი იყო. მან ირანს 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული გადასცა - მწვანე დოლარის კუპიურები ჩანთებში ჩააწყვეს, თვითმფრინავით ჩაიტანეს ირანში და აეროპორტში იქ მომლოდინე ადამიანებს გადასცეს. 1.7 მილიარდი დოლარი. წარმოგიდგენიათ, რამდენი ფულია ეს? მილიონი დოლარი ნაღდი ფულით თუ გინახავთ? ეს 1.7 მილიარდი იყო. ამდენი ფული მთლიანად ავსებდა Boeing 757-ის ტიპის თვითმფრინავს. შემდეგ მათ ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა შეღავათებიც მისცეს.

ამ ყველაფრის შედეგად ირანი გაცილებით გაძლიერდა. ამას ობამას პოლიტიკამ შეუწყო ხელი. იმ დროს ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა, ალბათ, არაფერს წყვეტდა.

შემდეგ, კი როდესაც ბაიდენი პრეზიდენტი გახდა, ირანი ჩემს მიერ უკვე შეზღუდული იყო. ირანის ბირთვული შეთანხმება - JCPOA - შევწყვიტე და ეს ძალიან მკაცრად გავაკეთე. ეს შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო - ალბათ, ხუთ ყველაზე ცუდ შეთანხმებას შორისაა. მან ირანს პრაქტიკულად ყველაფერი მისცა და სწორედ ამის წყალობით ისინი კიდევ უფრო ძლიერდებოდნენ.

როდესაც მე ეს შეთანხმება გავაუქმე, ირანი ბირთვული იარაღის შექმნამდე სულ რამდენიმე წუთი აშორებდა. ეს რომ არ გამეკეთებინა, მათ უკვე ექნებოდათ ბირთვული იარაღი.

რომ არ მომეკლა ყასემ სოლეიმანი - ძალიან ნიჭიერი, მაგრამ შეშლილი გენერალი - ვითარება სრულიად განსხვავებული იქნებოდა. სოლეიმანი ამ კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფიგურა იყო. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ სამხედრო საქმეში ძალიან ნიჭიერი გენერალი იყო.

ვფიქრობ, სოლეიმანის ლიკვიდაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ასევე, B-2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით განხორციელებული დარტყმებიც. რომ არა ეს ოპერაცია, ირანს დღეს უკვე ბირთვული იარაღი ექნებოდა და ახლო აღმოსავლეთი იმ სახით, როგორსაც დღეს ვიცნობთ, აღარ იარსებებდა." - აცხადებს ტრამპი.