საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობდა.- ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, სხდომა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში გაიმართა და საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ასოციაციის მიერ ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, აგრეთვე ა.თ.ე.ა-ს საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები, მოლოდინები და სტრატეგიული პრიორიტეტები.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, დღეს ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რომელზეც თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
„ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომაზე თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და ასოციაციის სამომავლო განვითარების საკითხები განვიხილეთ. შევაჯამეთ მიღწეული შედეგები, ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებსა და 2026 წლის პრიორიტეტებზე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ადგილობრივ თვითმმართველობებში თანასწორი გარემოს ხელშეწყობის გზებზე ვიმსჯელეთ. მჯერა, რომ ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი უფრო ძლიერი და ეფექტიანი თვითმმართველობის განვითარების საფუძველია"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დღესვე, სხდომის წევრებმა ასოციაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში" ჩატარდა.