უნგრეთის პარლამენტის მიერ პრეზიდენტის გადაყენების ახალი მექანიზმის დამტკიცებას, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების ახალი მექანიზმი დაამტკიცა. კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატორი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარია, მისი მიზანია, შექმნას ინსტრუმენტი, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან ჩამოშორებას უზრუნველყოფს. პეტერ მადიარმა, რომლის პარტიამ "ტისამ“ 2026 წლის აპრილის არჩევნებში გაიმარჯვა, შუიოკს გადადგომისკენ ჯერ კიდევ მაისში მოუწოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა, მმართველმა გუნდმა ამ მიზნით საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოიყენა. კანონპროექტს 139-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, "ფიდესმა", კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. ახალი რეგულაციის თანახმად, პრეზიდენტს შესწორებაზე ხელმოსაწერად 5 დღე აქვს. დოკუმენტზე უარის თქმის შემთხვევაში, პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ავტომატურად შეაჩერებს.ოპოზიცია აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის ცვლილება და კონკრეტულ პირზე მორგებული კანონმდებლობის მიღება კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრეზიდენტს ორი არჩევანი აქვს: ან გადადგეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე, დროებით შეასრულებს მის მოვალეობას, მოაწერს ხელს დოკუმენტს და ის ძალაში შევა, ან თავად პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი ძირითადი კანონის ამ შესწორებას," - აღნიშნავს მადიარი.
ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ პრეზიდენტის გადაყენების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების სრული კონცენტრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მმართველი გუნდი ამით სახიფათო პრეცედენტს ქმნის. რადგან ამ ბერკეტის გამოყენებით მომავალში შესაძლებელი გახდება ნებისმიერი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ან მისთვის ბიზნესის ჩამორთმევა.
''თუ პეტერ მადიარი საკუთარ სიმართლეში ასეა დარწმუნებული, მაშინ რატომ არ ენდობა დემოკრატიას? რატომ მიაჩნია, რომ ყველა, ვინც მის დიქტატურას არ ემორჩილება, მისთვის საფრთხეა? იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის - თავად აშენებს დიქტატურას. პეტერ პეტერ მადიარი ყველაფერს ანგრევს,"- აღნიშნა ელიზაბეტ ტოთმა.
პროცესს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. Amnesty International-მა ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის სამართლიანი სამართლებრივი პროცედურის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, საკითხის სიღრმისეული შესწავლა კი Human Rights Watch-მა დაიწყო.