პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორშაბათს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პირველი „კლასტერი“ გაიხსნა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოლაპარაკებების დაწყება არ ნიშნავს მათ დასრულებას.
„თუმცა კარგია, რომ უკრაინა არა მხოლოდ კანდიდატია, არამედ უკვე ისეთი კანდიდატი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან ეს უკრაინასაც და ჩვენც უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობების საბოლოო მიზანს გვისახავს. უკრაინელებმა ახლა უკვე ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირის არსებობის ყოველ ათწლეულთან ერთად მასში გაწევრიანება სულ უფრო რთულდება და არა მარტივდება, რადგან ევროპული სამართლის მემკვიდრეობა და ინტეგრაცია სულ უფრო ფართოვდება და ღრმავდება.
„ჩვენ შემთხვევაში თავად ტექნიკურმა მოლაპარაკებებმა, ალბათ, შვიდი წელი წაიღო. უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ უკრაინაც მზად იქნება, ჩვენც მზად ვიქნებით და რომ გაფართოება ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება. ამიტომ, ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. უკრაინა კავშირს მაშინ შეუერთდება, როდესაც ისიც და ჩვენც ამისთვის მზად ვიქნებით“, - შეაჯამა სიკორსკიმ.