ტრამპის თქმით, ძალიან კმაყოფილია ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის განმუხტვას.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ამჟამად „ნაწილობრივ გახსნილია“, ხოლო პარასკევს, მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში ოფიციალურად მოეწერება ხელი დოკუმენტს, იგი „სრულად ამოქმედდება“.
პრეზიდენტის თქმით, რეგიონში მყოფი ამერიკული სამხედრო ძალები ამჟამად მცირე საძიებო ოპერაციას ატარებენ იმ საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად, რომლებიც ირანულმა მხარემ კონფლიქტის მიმდინარეობისას განათავსა.
კითხვაზე, მოაწერს თუ არა თავად პირადად ხელს ამ დოკუმენტს შვეიცარიაში, ტრამპმა უპასუხა, რომ იმ დროისთვის, სავარაუდოდ, ადგილზე აღარ იქნება. მისი თქმით, პროცესში უკვე ჩართულია ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მიემგზავრება ევროპაში.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრუტეში ნაოსნობა აბსოლუტურად უფასო იქნება. ტრამპის განცხადებით, მართალია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის აღსასრულებლად არავითარი დახმარება არ სჭირდება, თუმცა „ცუდი აზრი არ იქნებოდა, თუ სხვადასხვა ქვეყნიდან რეგიონში რამდენიმე სამხედრო გემი გამოჩნდება“ უსაფრთხოების დამატებითი კონტროლისთვის.