ნეთანიაჰუ: ისრაელმა და აშშ-მა ირანის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხე თავიდან აიცილეს და ისრაელის სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინეს, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ იარაღს ვერასოდეს მიიღებს.
ომის სავარაუდო დასრულების გამო მზარდი შიდა პროტესტის - მათ შორის საკუთარი მთავრობის წევრების მხრიდან კრიტიკის - ფონზე, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა მისი „ცხოვრების მისიაა“.
„შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება - არც დღეს და არც ხვალ. სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა მან.
ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხე „დაუყოვნებელ საფრთხეს“ წარმოადგენდა და ისრაელმა, „ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად“, მისი თავიდან აცილება შეძლო.
„ჩვენ ისრაელის ისტორიაში უდიდესი შეტევითი ოპერაცია განვახორციელეთ. მიზანში ამოვიღეთ ბირთვული სფეროს მეცნიერები, გავანადგურეთ ტერორისტული რეჟიმის ლიდერები, მიწასთან გავასწორეთ ბირთვული ობიექტები, გავანადგურეთ რაკეტები და რაკეტების მწარმოებელი ქარხნების აბსოლუტური უმრავლესობა. დავარტყით უამრავ სამხედრო საწარმოსა და ინფრასტრუქტურას. გავანადგურეთ მათი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები“, - აცხადებს ის.
თუმცა, ის დასძენს, რომ „ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩვენ კვლავაც მოგვიწევს სადარაჯოზე დგომა, სიმტკიცისა და შემართების შენარჩუნება და საკუთარი თავის დაცვა იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება“.