ტრამპი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს შეიარაღებული ძალებისთვის 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა დააჩქაროს

ტრამპი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს შეიარაღებული ძალებისთვის 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა დააჩქაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ძლიერია, როგორც არასდროს.

„შეერთებული შტატების სამხედრო ძალა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და მძლავრი, როგორიც დღეს არის. მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ (ამასთან ახლოსაც კი ვერავინ მოდის!). წელს, გეგმით გათვალისწინებულ ვადაზე რამდენიმე თვით ადრე, სამხედრო სამსახურში რეკრუტირების ისტორიული რეკორდებიც დავამყარეთ. სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი.

ჩვენი სამხედრო ძალის შეუდარებელი შესაძლებლობები სრულად გამოჩნდა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმის დროს. ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ომის დეპარტამენტიც არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერ პოზიციაზე“, - წერს ტრამპი.

აქედან გამომდინარე, როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, კონგრესმა არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ პირველ პრიორიტეტად შეიარაღებული ძალებისთვის 350 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უნდა გახადოს.

„აუცილებელია, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ, როდესაც კონგრესი მუშაობას განაახლებს, უნდა მივიღოთ Reconciliation 3.0, რომელიც თავდაცვისთვის 350 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ასევე „ამერიკის გადარჩენის აქტი“!

მოვუწოდებ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელობას, ეს მათ ნომერ პირველ პრიორიტეტად აქციონ და უზრუნველყონ, რომ Reconciliation 3.0-ით გათვალისწინებული თავდაცვისთვის განკუთვნილი 350 მილიარდი დოლარი კონგრესის მუშაობის განახლებისთანავე საბიუჯეტო კომიტეტმა რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს“, - აღნიშნა მან.