მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა იქნება: ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრობას ხმის უფლების გარეშე, თუმცა, იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივად მოჰყვეს

მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა იქნება: ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრობას ხმის უფლების გარეშე, თუმცა, იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივად მოჰყვეს

„ჩემი განზრახვაა, გაიხსნას კონკრეტული გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ [უკრაინისა] და [მოლდოვისთვის], ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

მერცი ეწინააღმდეგება წევრობის შესახებ მიცემული პირობის უკან წაღებას. მისი თქმით, ეს იქნებოდა „ყველაზე ცუდი შესაძლო გამოსავალი ყველასთვის“.

მისი მოსაზრებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება „ასოცირებული წევრობის ფორმა, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრობას მისივე ინსტიტუტებში ხმის უფლების გარეშე, თუმცა ამავდროულად, მასთან იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივ შედეგად იქცეს“.

მერცმა აღნიშნა, რომ მან „დიდი მხარდაჭერა მიიღო თავისი წინადადებისთვის ევროპულ საბჭოში და პროცესში ჩართული პირებისგან“. მან დასძინა, რომ აქვს „მტკიცე ნება, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია უახლოეს კვირებსა და თვეებში“, რათა გაიტანოს თავისი წინადადებები ევროკავშირის დონეზე, თუმცა აცნობიერებს, „რომ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა დაკარგოს სანდოობა და ამით დაკარგავენ აღნიშნულ ქვეყნებს. ისივე თქმით, გეოსტრატეგიულად, ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი შედეგი, რაც კი შეიძლება დაგვემართოს ჩვენ, როგორც ევროპელებს“.

უკრაინის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით თავის წინადადებაზე საუბრისას, მერცმა აღნიშნა, რომ ის არ უარუყვია ვოლოდიმირ ზელენსკის.

მისი განმარტებით, ერთადერთი სირთულე თავად ტერმინ „ასოცირებულ წევრობაშია“, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიყენებოდა, როდესაც უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება შესთავაზეს. „იმ დროს ამას ასოცირებულ წევრობას უწოდებდნენ. ასე რომ, ამ ტერმინს არ აქვს პოზიტიური ასოციაციები უკრაინაში,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა დასძინა, რომ მან ეს საკითხი ზელენსკისთან რამდენჯერმე განიხილა და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.