მარკო რუბიო – ალბათ გახსოვთ კადრი, ტელეწამყვანი იდგა ცეცხლში გახვეულ უბანში, ეკრანზე ეწერა, რომ „პროტესტები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს“, მემარცხენე ძალადობა განსაკუთრებული დაცვის ღირსად იყო ქცეული, ეს ეპოქა უნდა დასრულდეს
ჩვენს ქვეყნებში მთელი ინდუსტრია ექსტრემიზმის შესწავლის გარშემო ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში, „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არსებობს კვლევითი ცენტრები, სტიპენდიები, სამეცნიერო ჟურნალები და საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც გაუთქმელ წინაპირობას იზიარებდნენ, თითქოს პოლიტიკური ძალადობის მხოლოდ ერთი სახე წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ბომბს ნეონაცისტური ჯგუფი თუ დებდა, ეს ბოროტი და მკვლელობითი დანაშაული იყო. და მართლაც ასეა. მაგრამ, ბომბს მარქსისტი რევოლუციონერი თუ დებდა, ეს, მათი წარმოდგენით, მხოლოდ იდეალიზმის ტრაგიკული გადაჭარბება იყო. შესაძლოა, მეთოდები მცდარი ან გადამეტებული ყოფილიყო, მაგრამ მიზნები – კეთილშობილური და სამართლიანი. სწორედ ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდით“, – განაცხადა რუბიომ.
მარკო რუბიოს თქმით, წლების განმავლობაში საოცარი იდეოლოგიური მიკერძოება განსაზღვრავდა იმას, როგორ ხდებოდა საუბარი პოლიტიკურ ძალადობასა და ექსტრემიზმზე.
„ამას იმდენჯერ იმეორებდნენ, რომ საბოლოოდ ნეიტრალურ და ობიექტურ ჭეშმარიტებად აღიქვეს. ეს წარმოდგენა იმდენად ღრმად დამკვიდრდა მეინსტრიმულ აზროვნებაში, თითქოს პოლიტიკისგან დამოუკიდებელ ფაქტად იქცა. სწორედ ამიტომ, ჩემს ქვეყანაში გავლენიან თანამდებობებზე მყოფი ადამიანები არაერთხელ ამართლებდნენ ძალადობასა და ზოგჯერ ტერორიზმსაც, თუ ის მემარცხენე პოლიტიკური მიზნების სამსახურში იდგა. სწორედ ამიტომ, 2020 წლის ზაფხულში, ჯორჯ ფლოიდის სახელთან დაკავშირებული არეულობების დროს, როდესაც დამნაშავეები და ექსტრემისტები ამერიკის დიდ ქალაქებს წვავდნენ, ძარცვავდნენ და ქვეყანა თითქმის პარალიზების პირას მიიყვანეს, ქვეყნის მრავალ ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უბრალოდ უარი თქვა ამ ძალადობისა და ტერორის მონაწილეთა სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ამავე მიზეზით გაჩნდა დღეს უკვე ცნობილი კადრიც, რომელიც ალბათ ბევრს გახსოვთ: ცნობილი ტელეარხის წამყვანი იდგა ცეცხლში გახვეულ უბანში, ხოლო ეკრანის ქვედა ნაწილში ეწერა, რომ „პროტესტები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს“. ეს უბრალოდ ორმაგი სტანდარტი არ ყოფილა. მემარცხენე ძალადობა მხოლოდ გამართლებულად კი არ მიიჩნეოდა, ის ხელშეუხებელ მოვლენად, განსაკუთრებული დაცვის ღირსად იყო ქცეული. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალს, „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მინისტერიალში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.