აბას არაღჩი: ალი ხამენეის რეზიდენციაზე თავდასხმა უსაფრთხოების სისტემის გარღვევის გამო მოხდა - მოჯთაბა ხამენეისთან წვდომა უკიდურესად შეზღუდულია

აბას არაღჩი: ალი ხამენეის რეზიდენციაზე თავდასხმა უსაფრთხოების სისტემის გარღვევის გამო მოხდა - მოჯთაბა ხამენეისთან წვდომა უკიდურესად შეზღუდულია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აღიარა, რომ ომის დასაწყისში უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენციაზე თავდასხმა „უსაფრთხოების სისტემის გარღვევის“ შედეგი იყო. მისივე თქმით, ეს ხარვეზი ირანის სპეცსამსახურებში დღემდე არსებობს. სპარსულენოვან ტელეარხთან ინტერვიუში არაღჩიმ განმარტა, რომ 28 თებერვლის დარტყმა იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ თავდამსხმელებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ ხამენეის განრიგისა და კომპლექსში მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრების შესახებ.

არაღჩიმ ირანის ახალი სასულიერო ლიდერის ადგილსამყოფელსა და მასთან შეხვედრის შესაძლებლობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. 


„მათ იცოდნენ, რომ ლიდერი ყოველ დილით ოფისში იმყოფებოდა. როგორც მე მესმის, ორი ან სამი შენობის მოშორებით, სამეთაურო ცენტრის შეხვედრაც იმართებოდა და მათ ზუსტად ეს მომენტი შეარჩიეს. იმავე დროს მიმდინარეობდა დაზვერვის სამინისტროს შეხვედრაც. ამრიგად, ლიდერის ოფისზე თავდასხმა უსაფრთხოების სისტემის ხარვეზის გამო მოხდა და ეს ხარვეზი, სავარაუდოდ, დღემდე არსებობს. ახალი ლიდერის ნახვა მხოლოდ ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობამ შეძლო. მოჯთაბა ხამენეისთან წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო წრე, რომელსაც მასთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა აქვს, მეტად მცირეა“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.