კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა

კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა

დღეს ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები არაფერზე იხევენ უკან, რათა გაგვყონ ჩვენი ღირებულებების, თავისუფლების, ღირსებისა და, რაც მთავარია, უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის გამო, – ამის შესახებ კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერის რანგში ბოლო განცხადების დროს აღნიშნა.

„დარწმუნებული ვარ, დღეს ბრიტანეთი უფრო ძლიერი და სამართლიანია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდა. ყოველდღიურად ათასობით ბავშვი სიღარიბეს თავს აღწევს. მიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა გაცილებით მტკიცეა, ხოლო ბრიტანეთის საერთაშორისო ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, ამ თანამდებობაზე ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი ის იყო, რომ ყოველდღიურად მქონდა შესაძლებლობა, მენახა, რამდენად დიდებულია ეს ქვეყანა. ყოველ დღე ვხედავდი ადამიანების შეუფასებელ სიმტკიცეს, გამძლეობას, ღირსებასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. იქნება ეს სამხედრო ფორმაში, სამედიცინო ტანსაცმელში, თუ მილიონობით მოხალისე, რომლებიც საკუთარ თემებში უსასყიდლოდ შრომობენ და ზრუნავენ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ. დღეს ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები არაფერზე იხევენ უკან, რათა გაგვყონ ჩვენი ღირებულებების, თავისუფლების, ღირსებისა და, რაც მთავარია, უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის გამო. სწორედ ამიტომ, ამ ზეწოლის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ბრიტანეთის სიძლიერე, რომელიც ჩვენ გარშემოა. ჩვენ შეგვიძლია, ვიკამათოთ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები, მაგრამ გვაერთიანებს ის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ეროვნული ხასიათისგან ვიღებთ. სწორედ ეს გვაძლევს რწმენას, რომ შეგვიძლია, ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ, შევქმნათ ისეთი ბრიტანეთი, სადაც თითოეულ ბავშვს თავისი ნიჭის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება და სადაც განსხვავებული ადამიანები საერთო დროშის ქვეშ გაერთიანდებიან, თუ განხეთქილებას არ დავემორჩილებით. ახლა, როდესაც ლიდერობას ენდი ბერნჰემს გადავცემ, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს გუნდს, „ლეიბორისტული პარტიის“ ყველა თანამშრომელს, დაუნინგ სტრიტის 10-ისა და სახელმწიფო სამსახურის ყველა წევრს, ასევე, ყველას, ვინც ამ გზაზე მხარში გვედგა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ხშირად ყურადღება ერთ ადამიანზეა გამახვილებული, სინამდვილეში, ეს ყოველთვის გუნდური საქმეა. ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტიისთვის მოვახერხეთ, ეკუთვნის თითოეულ ადამიანს, ვინც ამისთვის იბრძოლა. კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას. მადლობას ვუხდი ბრიტანელ ხალხს ნდობისთვის, რომ მათი მსახურების შესაძლებლობა მომეცა. თანამდებობას ღირსეულად ვტოვებ. მივდივარ ღიმილით და ამაყი იმ ყველაფრით, რასაც ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა სტარმერმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა და პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა.