ზელენსკი: რუსეთმა ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და მცურავი საბრძოლო მასალა გამოიყენა

ზელენსკი: რუსეთმა ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და მცურავი საბრძოლო მასალა გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გვიან ღამით ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და მცურავი საბრძოლო მასალა გამოიყენა.

მისი თქმით, რუსეთმა მიზანმიმართული ბალისტიკური დარტყმა სწორედ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა, რომლის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტაც აშშ-ის პრეზიდენტმა განსაზღვრა.

„გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა ჩვენი ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და მცურავი საბრძოლო მასალა გამოიყენა. რუსეთმა მიზანმიმართული ბალისტიკური დარტყმა სწორედ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა, რომლის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტაც აშშ-ის პრეზიდენტმა განსაზღვრა. ეს დარტყმა სრულიად გააზრებული იყო და თავისი მასშტაბით დემონსტრაციულ ხასიათს ატარებდა. რუსეთის მხრიდან აშშ-ის მიმართ ასეთი აშკარა უპატივცემულობა ჯერ არ გვინახავს. რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ძლიერად არ მიაჩნია“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსული დარტყმების გამო უკრაინაში ამჟამად სულ მცირე 600 ათასი ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.

„სამწუხაროდ, ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე სულ მცირე 600 000 ადამიანია დარჩენილი. გათიშვების მასშტაბი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენი ელექტროენერგეტიკული კომპლექსის 26 ობიექტსა და ნავთობისა და გაზის სექტორის 4 ობიექტზე მნიშვნელოვანი დაზიანებებია. მადლობას ვუხდი სარემონტო ჯგუფებს, უკრაინელ ენერგეტიკოსებსა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს რუსეთის დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად გაწეული ძალისხმევისთვის. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - დასძინა მან.

ზელენსკიმ პარტნიორებსა და მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდა. მან აგრეთვე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში სენატორ ლინდსი გრემის მიერ მომზადებული კანონი უკვე მიღებულია.

„მოვუწოდებთ ამერიკასა და მსოფლიოს ყველა ადამიანს, ვინც რეალობაზე თვალს არ ხუჭავს, რეაგირება მოახდინონ. და ეს რეაგირება მკაცრი უნდა იყოს. რუსეთმა დეესკალაციის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და მკაფიოდ აირჩია თავისი შეშლილი, გამანადგურებელი ომის გაგრძელება.

მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, მით უმეტეს, რომ ლინდსი გრემის კანონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს და ხელი მოეწერა, ამის შესაძლებლობას იძლევა და შესაბამის წესებს განსაზღვრავს. აშშ-ის პრეზიდენტს ხელთ აქვს ყველა საჭირო ძლიერი ინსტრუმენტი, რათა ძალის, სამართლიანობისა და აგრესორზე ზეწოლის გზით მშვიდობა დააახლოოს“, - დაწერა ზელენსკიმ.

მან ამერიკულ მხარეს თხოვნით მიმართა, უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტები მიაწოდოს.

„სრულიად სამართლიანად ვეუბნებით შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო ისეთი არათანმიმდევრული და ომისკენ მიდრეკილი სუბიექტის პირისპირ, როგორიც რუსეთია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება! მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი და მოვუწოდებთ ამერიკას, გაიხსენოს რეიგანის ეს პრინციპი“, - დაწერა უკრაინის ლიდერმა.