„სიენენი“ – დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც მათ სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების საშუალებას მისცემს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან დაამტკიცა ბირთვული შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 30-წლიანი შეთანხმების შესახებ ოფიციალურად შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გამოცხადდეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს საუდის არაბეთის ბირთვული პროგრამის განვითარებაში ამერიკული კომპანიების აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიების გადაცემასა და ექსპერტულ მხარდაჭერას.
ოფიციალური განცხადების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია დოკუმენტის კონგრესისთვის წარდგენას გეგმავს, სადაც, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება.
ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შეთანხმება ზღუდავს საუდის არაბეთის ბირთვულ ობიექტებზე ჩასატარებელი ინსპექტირების მასშტაბებს, რამაც კანონმდებლებს შორის უკვე გამოიწვია სკეპტიციზმი.
ექსპერტები შიშობენ, რომ მკაცრი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მექანიზმების გარეშე, საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების უფლება მომავალში ბირთვული იარაღის შექმნის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის.