საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამუშაო შეხვედრა გამართა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ივანე აბაშიძემ სტუმრებს არსებული სანავსადგურე ინფრასტრუქტურა და მისი შესაძლებლობები გააცნო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საზღვაო სექტორში არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში ასევე ადგილზე გაეცნობიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესს, რაც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მხარდაჭერისა და პროექტში მათი შესაძლო ჩართულობის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.