გორის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას აქტიურად აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ გორში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება, რომლის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.
მინისტრთან ერთად ობიექტი დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრს აშენებს. პროექტის ფარგლებში ეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო ორი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და სპორტსმენებისთვის აუცილებელი სრული ინფრასტრუქტურა - გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და დამხმარე სათავსოები.
ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი ადგილობრივ სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს ყოველდღიური საწვრთნელი პროცესისთვის თანამედროვე სივრცით უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მასობრივი სპორტის განვითარებას და რეგიონში სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.