The Guardian: ევროკავშირმა Google კონკურენციის წესების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა

The Guardian: ევროკავშირმა Google კონკურენციის წესების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა კომპანია Google ონლაინ კონკურენციის წესების დარღვევისთვის საერთო ჯამში 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქცია კომპანიის საძიებო სისტემასა და აპლიკაციების მაღაზიასთან დაკავშირებულ დარღვევებს ეხება.

ევროკომისიის განცხადებით, Google-მა ციფრული ბაზრების აქტი (Digital Markets Act – DMA) დაარღვია, რადგან საძიებო სისტემაში საკუთარი სერვისები, მათ შორის ონლაინ შოპინგისა და სასტუმროების შეთავაზებები, კონკურენტების მომსახურებებზე უპირატეს მდგომარეობაში აჩვენა.

კომისიის შეფასებით, კომპანიამ DMA კიდევ ერთხელ დაარღვია, როდესაც აპლიკაციების დეველოპერებს მომხმარებლების უფრო იაფ შეთავაზებებზე, ვებსაიტებზე ან ალტერნატიულ აპლიკაციების მაღაზიებზე გადამისამართების შესაძლებლობა შეუზღუდა.

Google-ს საძიებო სისტემასთან დაკავშირებული დარღვევისთვის 460 მილიონი ევროს, ხოლო აპლიკაციების მაღაზიასთან დაკავშირებული დარღვევისთვის 430 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ევროკომისიამ კომპანიას დაავალა, რომ საძიებო სისტემაში მესამე მხარის სერვისებს სამართლიანად და დისკრიმინაციის გარეშე მოეპყროს. ასევე, Google ვალდებული იქნება, აპლიკაციების დეველოპერებს საკუთარი აპლიკაციების Google-ის მაღაზიის ფარგლებს გარეთ შეთავაზების შესაძლებლობა მისცეს.

კომისიამ აღნიშნა, რომ Google-მა უკვე დაიწყო ცვლილებების ტესტირება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აჩვენებს ძიების შედეგებში საკუთარ სერვისებს, მათ შორის ონლაინ შოპინგისა და ავიაბილეთების შეთავაზებებს. ევროკომისიის შეფასებით, ეს ცვლილებები „მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ წარმოადგენს.

ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით უშუალოდ ევროპელი მომხმარებლები ისარგებლებენ.

„ევროპაში ძიების შედეგები შეიცვლება. Google-ს საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპის ადაპტირება მოუწევს“, - განაცხადა მან.

როგორც The Guardian-ი წერს, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკმაყოფილების მიზეზიც შეიძლება გახდეს, რადგან ის რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდა, ვიდრე დაახლოებით 60 ქვეყნისთვის დაწესებული დროებითი გლობალური ტარიფების მოქმედების ვადა ამოიწურებოდა.

ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, მათ არ იციან, როგორი რეაქცია ექნება ტრამპს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირს თავის იურისდიქციაში მოქმედი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების რეგულირების სუვერენული უფლება აქვს და ჯარიმის გამოცხადების დრო ტარიფებთან არანაირ კავშირში არ არის.

Google-ს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. კომპანიას ასევე შეუძლია, სასამართლოს დროებითი უზრუნველყოფის ზომების გამოყენება სთხოვოს, მათ შორის ჯარიმის აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.