ზესტაფონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს
ზესტაფონში შენდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის საჭირო გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.