ირაკლი ნადარეიშვილი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში

ირაკლი ნადარეიშვილი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში

დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა და მიზანია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე საუბრისას.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, სადაც, ერთი მხრივ, არის ტექნოლოგიური და სამეცნიერო მუზეუმი, სადაც როგორც ბავშვებს, ასევე სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს ხელით შეეხონ, პირდაპირი გაგებით, წვდომა ჰქონდეთ უშუალოდ ტექნოლოგიების გამოყენებასთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ყველაზე მასშტაბური ტექნოპარკი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბშია განთავსებული, სადაც 10-ზე მეტი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია არის, რომლებიც, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოდ სტუდენტებისთვის, ასევე მეცნიერებისა და სტარტაპერებისთვის.

„აქ არის უამრავი სივრცე სხვადასხვა პროექტების გასაკეთებლად, ჯგუფური სამუშაოების ჩასატარებლად. განათლება არის ერთ-ერთი ის ფუნდამენტი, რომელზეც ზოგადად ტექნოლოგიური მიმართულება არის დაფუძნებული და მეორე სართული მთლიანად ეთმობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ სკოლას - ეს არის TUMO-ს ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პლატფორმა, სადაც 12-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს ექნებათ აბსოლუტურად უფასო და თავისუფალი წვდომა ძალიან საინტერესო პროგრამებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩამოაყალიბებს და შექმნის მათ მომავალს ტექნოლოგიურ სამყაროში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.