რევაზ სოხაძე: ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდეგ 44 000-მდე ადამიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურებით გამოწვეული დისკომფორტის გამო კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში.
მინისტრის განცხადებით, პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე შესაძლებელი იყო სამუშაოების სხვაგვარად დაგეგმვა, რაც მოსახლეობისთვის ხანგრძლივი დისკომფორტის თავიდან აცილების შესაძლებლობას შექმნიდა.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ხაშურის მოსახლეობას იმ დისკომფორტისთვის, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეექმნათ. აქ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე სოფლებს სრულფასოვანი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით უზრუნველყოფს. თუმცა, თავიდანვე შესაძლებელი იყო პროექტის სხვაგვარად დაგეგმვა, რათა მოსახლეობას ასეთი მასშტაბის დისკომფორტი არ შეჰქმნოდა. მომავალში ყველა მსგავსი პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინებთ ამ გამოცდილებას და სამუშაოებს ეტაპობრივად დავგეგმავთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ამჟამად ხაშურში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პარალელურად ქუჩებზე ეტაპობრივად ეწყობა ასფალტის საფარი.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ 44 000-მდე ადამიანს ექნება მუდმივი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინების სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია რეგიონისთვის. ჩვენი პრიორიტეტია, უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრსა და ტურისტულ დაბაში მოეწყოს წყალარინების სისტემები შესაბამისი გამწმენდი ნაგებობებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავა“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ შიდა ქართლში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული, საგანმანათლებლო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ინფრასტრუქტურაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობს, რათა ხაშურსა და მთლიანად რეგიონში არსებული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიჭრას.



