დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა - ვიქტორ ორბანი უნგრეთის მოქმედ მთავრობას აკრიტიკებს
"უნგრეთში განუსაზღვრელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა", - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ექს-პრემიერი მოქმედ მთავრობას ოპოზიციის პოლიტიკიდან ჩამოშორებასა და საკონსტიტუციო ინსტიტუტების ხელყოფაში ადანაშაულებს.
"დღეს უნგრეთში, განუსაზღვრელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ინგრევა. ეს დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია.
უკუძალის მქონე, ინდივიდუალურად მორგებული კანონმდებლობის გამოყენებით, მთავრობამ პოლიტიკას ჩამოაშორა ოპოზიციის ნახევარი, მათ შორის მისი ყველაზე ძლიერი ლიდერები. ეს დემოკრატიის დასასრულს ნიშნავს. თუ ხალხი კი არ წყვეტს, ვის მისცეს ხმა, არამედ ხელისუფლება წყვეტს, ვისთვის აქვს ხალხს ხმის მიცემის უფლება, მაშინ დემოკრატია დასრულებულია.
უკუძალის მქონე, სპეციალურად მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებით, მათ გადააყენეს რესპუბლიკის პრეზიდენტი, დაითხოვეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თანამდებობიდან აიძულეს წასულიყო მთავარი პროკურორი. ამით მათ კანონის უზენაესობაც დაანგრიეს." - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.