„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - მარჯანიშვილის ქუჩაზე გზის საფარის ჩავარდნის შედეგად დაზიანებული მილსადენისა და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ხვალ დასრულდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - მარჯანიშვილის ქუჩაზე გზის საფარის ჩავარდნის შედეგად დაზიანებული მილსადენისა და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ხვალ დასრულდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია აღნიშნული, „ჯივიპის“ ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა ქსელის დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები.

კომპანიის ცნობით, მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება ხვალ დილით დასრულდება.

„ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.

მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება ხვალ, 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.