ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელებმა მათ მარაგში არსებული რაკეტების 5% რომ მოგვყიდონ, ზამთრის გადატანას შევძლებდით, 10%-ის მიყიდვას თუ შეძლებენ, რუსეთის ყველა ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელებმა მათ მარაგში არსებული რაკეტების 5% რომ მოგვყიდონ, ზამთრის გადატანას შევძლებდით, 10%-ის მიყიდვას თუ შეძლებენ, რუსეთის ყველა ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

წელს ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვ, მოგვყიდონ მათ მარაგში არსებული რაკეტების 5%, რომ ზამთარი გადავიტანოთ და ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელები უკრაინისთვის რაკეტების 10%-ის მიყიდვას თუ შეძლებენ, კიევი მოსკოვის ყველა ბალისტიკურ რაკეტას გაანადგურებს.

„წელს ორნახევარჯერ ნაკლები ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გვაქვს, ვიდრე 2025 წელს. ამასთან, რუსეთი თვეში ორჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს, ვიდრე ადრე. ამერიკელებს თანხის 100%-ს ვუხდით. გვაქვს აშშ-ისგან მიღებული პაკეტი და შემდეგ უკვე ჩემი პირადი ჩართულობა. სხვაგვარად ეს არ მუშაობს. ყოველდღიურად პირადად ვესაუბრები ყველას, ვმართავ შეხვედრებს და სატელეფონო ზარებს. ვცდილობ, რაკეტების სანაცვლოდ რაღაცები შევთავაზო. წელს ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვ, მოგვყიდონ მათ მარაგში არსებული რაკეტების 5%. რაკეტების 5%-ს თუ მოგვყიდიან, ზამთარს გადავიტანთ და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ, 10%-ის გაყიდვას თუ შეძლებენ, რუსეთის ყველა ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ისგან ამ ეტაპზე მკაფიო პასუხი არ მიუღია, უკრაინას კი, საჭირო რაკეტების მხოლოდ 1%-იდან 5%-მდე აქვს.

ზელენსკის განცხადებით, ამის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად უწევს მოლაპარაკებები, მილიონობით სატელეფონო ზარის განხორციელება და სხვადასხვა გზის ძიება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გარკვეულ ნაბიჯებზე საჯაროდ საუბარი არ შეუძლია, თუმცა ისინი კანონის ფარგლებს არ სცდება.