კანადაში უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა
კანადაში დღეიდან უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალი რეესტრი ორი წლის წინ უცხოური გავლენის შესახებ მიღებული კანონის ფარგლებში ამოქმედდა.
როგორც მედია იუწყება, უცხოური გავლენის შესახებ კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში უცხოური ჩარევის არაერთი მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ახალი წესების მიხედვით, ყველა პირი, რომელიც უცხო სახელმწიფოს ან მისი უწყების სახელით ფედერალური, პროვინციული ან მუნიციპალური დონის პოლიტიკოსებსა თუ სახელმწიფო მოხელეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ვალდებული იქნება რეესტრში დარეგისტრირდეს. რეესტრი გასაცნობად ღია იქნება კანადის მოქალაქეებისთვის.
ახალი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 250 კანადური დოლარიდან 1 მილიონ კანადურ დოლარამდე მერყეობს.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უცხოური გავლენის რეგულაციებში ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ლიდერებზე ზემოქმედების მცდელობების ასახვასაც ითვალისწინებდა, ზაფხულში გამოქვეყნებულ რეგულაციებში ეს დებულება აღარ შევიდა.
უსაფრთხოების ექსპერტები წარსულში ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თემი, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კანადაში, უცხოური ჩარევის პოტენციური სამიზნე იყო.
უცხოური გავლენის აღმოსაჩენად კანადის ხელისუფლებამ სპეციალური კომისარი ანტონ ბოეგმანი დანიშნა.
მისი განცხადებით, ახალი უწყება, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას გააკონტროლებს, ქვეყანაში უცხოურ ჩარევას ვერ აღკვეთს, თუმცა მოქალაქეებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, თუ ვინ ცდილობს უცხო სახელმწიფოების სახელით პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებზე გავლენის მოხდენას.