ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“
17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.
კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ საარჩევნო პროცესებზე დეზინფორმაციის გავლენას, დეზინფორმაციას, როგორც პოლიტიკის გამოწვევას (მექანიზმებს, გამომწვევ ფაქტორებს და გავლენას), ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლს საარჩევნო პროცესებში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა საარჩევნო უფლების დაცვის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციისგან, მანიპულაციისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათგან დაცვის მექანიზმებზე. მონაწილეებს არჩევნების პერიოდში სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა გააცნო და ამ მიმართულებით ცესკოსა და სახალხო დამცველს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა მიმოიხილა. აქვე მადლობა გადაუხადა ცესკოს ამ თანამშრომლობისთვის და შესაბამის უწყებებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.
საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. კონფერენციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.