„გარდიანი“ – მსოფლიოში სურსათის ფასებმა ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია, კონფლიქტებმა და ძლიერმა სიცხემ მარცვლეულის გაძვირება გამოიწვია
„გარდიანის“ ცნობით, მსოფლიოში სურსათის ფასებმა ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია და კონფლიქტებმა და ძლიერმა სიცხემ მარცვლეულის გაძვირება გამოიწვია.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზად სახელდება უკრაინის ომი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ძლიერი სიცხე, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფასებზე ზეწოლას ახდენს.
როგორც „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსში, რომელიც ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებს უწევს მონიტირიბგს.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, ივლისში გაიზარდა მარცვლეულის, შაქრისა და მცენარეული ზეთების ფასები, მაშინ, როდესაც ხორცისა და რძის პროდუქტების ფასები შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, ივლისში ხორბლის ფასები მსოფლიოში 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ხირბალი 10%-ით არის გაძვირებული.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამის მიზეზი იყო „შავი ზღვის გავლით ექსპორტის ნაკადების შეფერხებების გაგრძელება და საექსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვან მწარმოებელ ქვეყანაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული სიცხის ტალღების გავლენა და მოსავლიანობის შემცირება დაემატა“.
ცნობისთვის, ივლისში შავ ზღვაში თავდასხმების რაოდენობა უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ესკალაციის განახლების ფონზე გაიზარდა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინდიქსის მიხედვით, მსოფლიოში სიმინდის ფასები 3.6%-ით გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში ცხელი და მშრალი ამინდის გამო მოსავალთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ, ასევე ენერგორესურსების ფასების ზრდის გავლენამ, რაც გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებას მოჰყვა.
ამასთან, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცენებით, ბრინჯის ფასების ინდექსი 2026 წლის ივლისში, საერთო ჯამში, თითქმის უცვლელი დარჩა.
საერთო ჯამში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსი ივლისში 131.1 პუნქტამდე გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.7 პუნქტიან მატებას წარმოადგენს.