სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს

სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს

იტალიელმა კარაბინერებმა და სიცილიის საზღვაო კულტურული მემკვიდრეობის სამმართველომ რომის პერიოდის ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელზეც ასობით ამფორაა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კარაბინერთა ქვედანაყოფის პრესრელიზის თანახმად, ხომალდი ​ მაძარა-დელ-ვალოს სანაპიროდან დაახლოებით სამ საზღვაო მილში, 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მკვლევრებმა მიგნებული ობიექტი წინასწარ ჩვენი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებს მიაკუთვნეს.

აღმოჩენის გაკეთება ადგილობრივი მცხოვრებლების შეტყობინებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ სპეციალისტებმა წყალქვეშა კვლევები ჩაატარეს და ჩაძირული გემისა და მისი ტვირთის არსებობა დაადასტურეს.

სიცილიის საზღვაო კულტურული მემკვიდრეობის სამმართველო ხომალდის ნაშთების დოკუმენტირებასა და შესწავლას განაგრძობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენის არქეოლოგიურ კონტექსტს დააზუსტებენ ​და მისი შენარჩუნების ზომებს განსაზღვრავენ.