ნინო წილოსანი: ყველა ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი და თან იმდენად, რომ იგი შედარებულია ევროკავშირის სხვა ოთხ სახელმწიფოს
ყველა ბრალდება, რომელიც სასამართლოს მიმართ არის და რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური საკითხით არის მოტივირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიდის სასამართლომდე, ეფუძნება არაფერს, რადგან სასამართლოს სისტემა არის გამართული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება.
„არაერთ დეზინფორმაციასთან, სიცრუესთან ერთად გვახსენდება ჩვენი ოპონენტების ცრუ კამპანიები ქართული სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა, ყველა შემდგომი და მორიგი ანგარიში, მათ შორის ის, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი და თან იმდენად, რომ იგი შედარებულია ევროკავშირის სხვა ოთხ სახელმწიფოს. საუკეთესო ხუთეულში ვართ ჩვენი პროგრესის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების შემთხვევაში ოთხეულში გავდივართ. თავისთავად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა ბრალდება, რომელიც სასამართლოს მიმართ არის, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური საკითხით არის მოტივირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიდის სასამართლომდე, ეფუძნება არაფერს, რადგან სასამართლოს სისტემა არის გამართული“,- აღნიშნა წილოსანმა.