საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა და მკაცრი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება იგეგმება
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია გამოქვეყნდა.
სტრატეგიის თანახმად, იგეგმება ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა.
ამასთან, იგეგმება ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ახალბედა მძღოლები საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, იგეგმება მათთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა. აღნიშნული პერიოდის ფარგლებში იგეგმება ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ დიფერენცირებული და უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ფინანსური სანქციების გამკაცრებისა და მართვის მოწმობის ქულების გაზრდილი რაოდენობით ჩამოკლების გზით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამწყები მძღოლების ქცევის კორექტირებას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და, საბოლოო ჯამში, მათი მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციას“, – ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.