ლიბანი ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა
ლიბანი გახდა ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა. ქვეყანაში სასჯელის ეს ფორმა უვადო პატიმრობითა და მძიმე იძულებითი შრომით შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.
სიკვდილით დასჯის გაუქმებას ლიბანის 128-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. გამონაკლისი იყო „ჰეზბოლას“ საპარლამენტო ბლოკი.
ლიბანის იუსტიციის მინისტრმა, ადელ ნასარმა გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.
გადაწყვეტილებას მიესალმნენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც, რომლებიც ქვეყანაში სიკვდილით დასჯაზე არსებული მორატორიუმის ოფიციალურად გაფორმებას ან სასჯელის სრულად გაუქმებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.
2004 წლის იანვრიდან ლიბანში სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე არაოფიციალური მორატორიუმი მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოები სიკვდილით დასჯის განაჩენებს მაინც გამოსცემდნენ, მათი აღსრულება მოგვიანებით ჩერდებოდა ან სასჯელი სხვა ფორმით იცვლებოდა.