ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას.
დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.