ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ
ლიხტენშტაინის სამთავრო სახლმა ტახტის მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან, მომავალ თაობებში, ქალები ტახტის დაკავებას კაცების თანაბრად შეძლებენ.
ლიხტენშტაინის სამთავრო სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მდედრობითი სქესის შთამომავლებს ენიჭებათ დინასტიური კანონმდებლობის საკითხებში მონაწილეობის ისეთივე უფლებები, როგორიც მამრობითი სქესის შთამომავლებს. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ტახტის მემკვიდრე, ხოლო შემდგომში - ლიხტენშტაინის მმართველი მთავარი სწორედ პირველი შვილი გახდება, სქესის მიუხედავად.
1989 წლიდან ლიხტენშტაინს ჰანს-ადამ II მართავს, 2004 წლიდან კი ოფიციალური მოვალეობების უმეტესობას მისი უფროსი ვაჟი, მემკვიდრე პრინცი ალოისი ასრულებს. წესების ცვლილება მის ოჯახს არ შეეხება - ის გავრცელდება მხოლოდ იმ შთამომავლებზე, რომლებიც მომავალში დაიბადებიან, განმარტავს პრესრელიზი.
58 წლის პრინც ალოისსა და მის მეუღლე სოფიას ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან უფროსი 31 წლის ვაჟი - იოზეფ ვენცელია. მეორე შვილია ქალიშვილი მარია-კაროლინა, რომელიც ახლა 29 წლისაა.
ლიხტენშტაინი კონსერვატიზმით გამოირჩევა. 1984 წელს მან, ევროპულ ქვეყნებს შორის ბოლომ მისცა ქალებს ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. კაცმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე ამ ცვლილებას მცირე უპირატესობით დაუჭირეს მხარი.