ვახტანგ ცინცაძე: ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც
საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 72%-ზე მეტად გაიზარდა და მისმა მოცულობამ ივლისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება მომდევნო წლებში“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ 793.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტში (რე-ექსპორტის გამოკლებით), რაც 72.5%-ით გაიზარდა და ივლისის თვის რეკორდულ ნიშნულს, 462.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 7 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტმა ასევე რეკორდული მოცულობა, 4,670.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ 21.6%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 64.1%-ით გაიზარდა და 2,854.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.