ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, რომელშიც 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას თქმით, ბანაკი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო AI ბანაკია, რომელიც ტარდება ჩვენს რეგიონში და წელს მასში 6 ქვეყანა მონაწილეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე უცხოელ სტუდენტებთან ერთად, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, შექმნან საერთაშორისო გუნდები და საერთაშორისო სტარტაპები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე ჯობავამ.

პროგრამა ინგლისურენოვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, AI სხვადასხვა ინდუსტრიებში და პროფესიებში, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.

ბანაკის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, შექმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.