„აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი: მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თუ რა მოხდებოდა. მთელი საძირკველი წყლით იყო დაფარული, როდის ჩამოიშლებოდა და როდის მოიყოლებდა ქვეშ პერსონალს და პაციენტებს ეს შენობა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი, თითქოს ცენტრი შეუფერებელ გარემოში გადაიტანეს. რევაზ ჟღენტის განმარტებით, შენობების რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ფილტვის ცენტრის ახალი მისამართი კი სპეციალურად შეარჩიეს ჰაერის ცირკულაციის გათვალისწინებით.
„მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თუ რა მოხდებოდა. მთელი საძირკველი წყლით იყო დაფარული, ეს წყალი ზამთარში იყინებოდა, სამ შრიანი კედლები იყო და ეს შრეები ისე იყო ერთმანეთისგან დაშორებული, რომ ადამიანი თავისუფლად შეეტეოდა. როდის ჩამოიშლებოდა, როდის მოიყოლებდა ქვეშ პერსონალს და პაციენტებს ეს შენობა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. ეს რაღაც მითქმა-მოთქმები, რომ ის შენობა შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო, გარემონტებულიყო, ან რეაბილიტირებულიყო, ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი დიდი ტყუილების პატარა ნაწილი.
ეს ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რადგან აქ ხდება სამი ხეობის ჰაერის შერწყმა. მდინარე ოცხე, კურცხნა და 12 კილომეტრით შედის ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში. ამ სამი ხეობის ჰაერის შერწყმა ხდება და აქ არის სულ ჰაერის ცირკულაცია. სხვადასხვა ფოთლოვანი წიწვოვანი ნარგავების ჰაერის მიქსის წარმოქმნა არის სწორედ ამ პატარა მიკრო გარემოს კიდევ დამატებითი მიმზიდველობა“, - განაცხადა „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორმა რევაზ ჟღენტმა.