ახალგაზრდა ოლიმპიური ელჩების 66-ე საერთაშორისო სესიაზე ლიკა ხაბელოვს ოფიციალურად გადაეცა ISOH 2026-ის ოლიმპიური ისტორიის ახალგაზრდულ კონკურსში ევროპის კონტინენტის გამარჯვებულის ტიტული
საბერძნეთში, ათენსა და ძველ ოლიმპიაში, გაიმართა ახალგაზრდა ოლიმპიური ელჩების 66-ე საერთაშორისო სესია (IOA), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სესიაზე წარადგინა ლიკა ხაბელოვმა.- ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
„ორი კვირის განმავლობაში ლიკა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამუშაო ჯგუფებში. უცხოელ კოლეგებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და პროექტებში, ამავდროულად კი საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურა, ტრადიციები და ოლიმპიური მემკვიდრეობა გააცნო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მრავალრიცხოვან მონაწილეს შორის მაღალი შეფასება მიიღო, დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გამარჯვებულად გამოცხადდა ლიკა ხაბელოვის პროექტი - „საქართველოს პირველი ოლიმპიელები: გზა თამაშებისკენ“.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლიკა ხაბელოვს მნიშვნელოვან აღიარებას - ISOH 2026-ის ოლიმპიური ისტორიის ახალგაზრდულ კონკურსში ევროპის კონტინენტის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას და უსურვებს ახალ წარმატებებს“-ნათქვამია განცხადებაში.