მოკავშირეების მიერ დახმარებების შემცირებამ უკრაინა მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დატოვა
უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი კრიტიკულ ზღვარს აღწევს. იძულებით გადაადგილებული უკრაინელები საერთაშორისო დახმარებების მკვეთრი შემცირების გამო უმძიმეს პირობებში იმყოფებიან - წერს Reuters.
IRC-ის პრეზიდენტი დევიდ მილიბენდი აცხადებს, რომ დასავლური დაფინანსების შემცირება პირდაპირ დარტყმას აყენებს ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას. მედიის ინფორმაციით, დონორების მხრიდან დაფინანსების კლებამ ქვეყნის შიგნით ჰუმანიტარული კატასტროფის რისკები მკვეთრად გაზარდა.
კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დახმარებების შემცირება და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფაქტობრივი გაუქმება გახდა. ამ გადაწყვეტილებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც ბიუჯეტების შემცირებისკენ უბიძგა.
შედეგად, მხოლოდ IRC-ის ბიუჯეტი უკრაინაში ორჯერ შემცირდა: თუ გასულ წელს ორგანიზაცია $40 მილიონს ფლობდა, 2027 წლის პროგნოზით, ეს ციფრი $20 მილიონამდე დაეცემა.
"ჩვენ ვხედავთ სისასტიკესა და უდიდეს წნეხს, რომელსაც მილიონობით უკრაინელი აწყდება. გლობალურად შოკები სულ უფრო იმატებს, ხოლო მათი დამბალანსებელი მექანიზმები მცირდება. ფული კი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ახლა ქვეყანას აკლდება", - განაცხადა მილიბენდმა.
ბიუჯეტის შემცირება პირდაპირ აისახება ფრონტის ხაზის სიახლოვეს მცხოვრებლების სამედიცინო დახმარებაზე, ბავშვებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციასა და მოსახლეობის მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე.
IRC-ის ხელმძღვანელი მოკავშირეებს მოუწოდებს, გადახედონ პრიორიტეტებს და იმ მილიარდობით დოლარიდან, რომელიც სამხედრო მხარდაჭერაზე იხარჯება, თუნდაც მცირე ნაწილი პირდაპირ ჰუმანიტარული და ფსიქოსოციალური დახმარებისკენ მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური რესურსის გარეშე დარჩენილი საზოგადოება შიდა მდგრადობას ვერ შეინარჩუნებს.