პოლონეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური დავა ღრმავდება

პოლონეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური დავა ღრმავდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, ვარშავასა და კიევს შორის გამწვავებულ პოლიტიკურ კონფლიქტს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა და მხარეები მოსალოდნელი გეოპოლიტიკური, რეპუტაციული და ბიზნეს ზიანის შესახებ გააფრთხილა.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო  „თეთრი არწივის ორდენი“ ჩამოართვა. პრეზიდენტმა ამ ნაბიჯის მიზეზად  ზელენსკის გადაწყვეტილება დაასახელა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის მეორე მსოფლიო ომისდროინდელი „უკრაინის აჯანყებულთა არმიის“ (UPA)  სახელი ეწოდებინა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის უმაღლესი ჯილდო ვარშავაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩვეულებრივი ფოსტით დაუბრუნა და აღნიშნა, რომ თუკი ეს ორდენი ისტორიულად ისეთ ფიგურებს რჩებოდათ, როგორებიც იყვნენ ეკატერინე დიდი, მუსოლინი და გერჰარდ შრედერი, უკრაინას მისი ჩამორთმევის გამო პრეტენზია არ ექნებოდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არსებული დაძაბულობა საფრთხეს უქმნის მომავალ კვირას გდანსკში დაგეგმილ „უკრაინის აღდგენის ყოველწლიურ კონფერენციას“ (Gdansk recovery summit). ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა ზელენსკი სამიტს. ბოლო პერიოდში პოლონურ საზოგადოებაში უკრაინის მიმართ განწყობები მკვეთრად გაუარესდა, რასაც ანტიუკრაინული ინციდენტების სერიამაც შეუწყო ხელი. ზელენსკის განცხადებით, პოლიტიკური ქულების დასაწერად საზოგადოების რადიკალიზაცია შესაძლოა ძალიან სახიფათო ესკალაციით დასრულდეს. მან პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ და უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდა.