პეტერ მადიარმა ოპერაცია „გამწმენდი ცეცხლის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იქნება მიმართული
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გამოაცხადა ოპერაცია „გამწმენდი ცეცხლის“ დაწყების შესახებ, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოში კორუფციის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეეხება. ამის შესახებ პეტერ მადიარმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპერაცია „გამწმენდი ცეცხლი“ იქნება მასშტაბური პოლიტიკური და სამართლებრივი კამპანია, რომლის მიზანია უნგრეთის გათავისუფლება კორუფციისა და „მაფიის ზეწოლისგან“.
მადიარმა „მაფიად“ მოიხსენია თავისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“. მისი თქმით, ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება სახელმწიფო აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნა, რისთვისაც 47 საკანონმდებლო აქტში ცვლილებები შევა. ახალი უწყება გამოიძიებს სახელმწიფო ქონების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს, შეისწავლის საეჭვო ფინანსურ გადარიცხვებს და იურიდიულ დახმარებას გაუწევს იმ აქტივების დაბრუნებას, რომლებიც ხელისუფლების ვერსიით, უკანონოდ გაიტანეს უნგრეთიდან.
მადიარმა ასევე დაანონსა კიდევ ერთი ცვლილება, რომლითაც საპარლამენტო მანდატის მაქსიმალური ვადა 12 წლით, ანუ სამი ვადით განისაზღვრება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ეროვნული ასამბლეის ფარგლებში ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაციის თავიდან აცილებას.
ახალი ინიციატივა ასევე ითვალისწინებს კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სასამართლოს თავმჯდომარე საკუთარი რიგებიდან აირჩიონ. ასევე აღდგება მოსამართლეების ასაკობრივი ზღვარი – 70 წელი. ამ ასაკს გადაცილებული მოსამართლეების, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პეტერ პოლტის უფლებამოსილება და მათთან დაკავშირებული იმუნიტეტი შეწყდება. ასევე შეიცვლება კურიის (უნგრეთის უზენაესი სასამართლოს) და ეროვნული სასამართლო საბჭოს ხელმძღვანელების არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესებიც.
ამასთან, მადიარმა განაცხადა, რომ დაიწყება უნგრეთის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა, რადგან მან მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით გადადგომაზე უარი განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ უნგრული „კოზა ნოსტრას“ დამარცხებას. ნაბიჯ-ნაბიჯ, აგური აგურ, დამნაშავიდან დამნაშავემდე ჩვენ წინ მივიწევთ“, – განაცხადა მადიარმა და პარალელი გაავლო სიცილიურ მაფიასთან.